Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია.
2არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება.
3ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით.
4მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
5რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.
6ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!
7ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
8მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები.
9ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?
10დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით.
11ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.
12გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის.
13ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.
14მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით.
16მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?
17თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.
18მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ.
19შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.
20ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი.
21მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს?
22რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან.
23მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან,
24რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი,
25რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია.
26ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა.
27რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“.
28ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ.
29და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.
30მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“.
31ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
Next