Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე.
2რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი.
3ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,
4რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.
5ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
6ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
7ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
8ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
9როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.
10ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,
11რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.
12რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,
13რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;
14და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.
15მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
Next