თავი - 8
Previous1ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
2ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.
3რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.
4თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
5და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.
6ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.
7და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.
8ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს.
9რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
10მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან.
11მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ.
12ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.
13ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.
14ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა.
15რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.
16მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ.
17რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ.
18მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.
19მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად.
20თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით.
21რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც.
22მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი.
23ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი.
24მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
Next