თავი - 2
Previous1ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით;
2რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
3და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.
4ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,
5რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა.
6სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს,
7არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;
8სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
9არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.
10ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
11და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
12ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.
13ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
14მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
15ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.
16რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
Next