თავი - 1
Previous1პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -
2ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს:
3მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.
4მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.
5რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით.
6ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში.
7ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას,
8ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
9სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.
10მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
11რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.
12იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?
14მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.
15რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.
16მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.
17რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.
18ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
19რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
21რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
22ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
23ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
24ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.
25რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.
26დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
27მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
28უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
29და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
30მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.
31რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“.
Next