Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?
2უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა.
3მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?
4არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.
5ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.
6არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?
7მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?
8მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?
9მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.
10როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.
11არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.
12ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
13პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.
14პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.
15ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.
16ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.
17ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა.
18ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.
19მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
20ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
21ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,
22ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
23რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.
24მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
25ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
26რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
27მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
28რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
29ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.
30რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.
31მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
Next