Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.
2ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ.
3იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ?
4ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?
5შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,
6როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:
7მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;
8ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.
9ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
10დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.
11რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის.
12ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.
13რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.
14ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.
15ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,
16საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.
17აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,
18ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.
19თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,
20უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.
21კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?
22ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?
23რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?
24ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.
25წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.
26თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?
27ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?
28ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იადეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი.
29არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.
Next