თავი - 18
Previous1შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა,
2სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ.
3რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.
4ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
5მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
6მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.
7იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.
8სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო.
9ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები,
10ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.
11ერთი წელი და ექვსი თვე დაჰყო იქ და ასწავლიდა იქაურებს ღვთის სიტყვას.
12ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.
13ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს.
14როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის.
15მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული.
16და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას.
18ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო.
19ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.
20მაგრამ, როდესაც სთხოვეს, მეტ ხანს დარჩიო, არ დათანხმდა,
21არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა.
22კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა.
23ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.
24ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,
25ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
26თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.
28რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
Next