Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა.
2პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან;
3უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო.
4ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.
5მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან;
7იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.
8აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი.
9მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.
10მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
11ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.
12მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.
13მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი.
14მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.
16ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე.
17ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?
21ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.
23ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.
24ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.
25და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
27რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.
28ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
29ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
30ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
31ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.
32მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.
33ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.
Next