თავი - 9
Previous1მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
2წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
3და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს.
4რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.
5ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
6ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
7გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით.
8ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა.
9ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
10დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა.
11მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
12როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ.
13უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს.
14რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი.
15ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
16ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
17ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
18მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
19რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.
20და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.
21მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
22და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
23და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
24რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.
25რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?
26რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით.
27ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
28მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
29ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.
30და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია,
31დიდებით მოვლენილნი, და მის წასვლაზე ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმს.
32ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.
33ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა.
34სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.
35და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.
36ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
37მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.
38და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.
39შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს.
40შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქთ, მაგრამ ვერ შესძლეს.
41ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე.
42ჯერ არც კი მისულიყთ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს.
43უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა:
44ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
45მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს.
46მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
47ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა
48და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.
49მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს.
50უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
51ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
52წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის.
53მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.
54ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.
55მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.
56რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.
57მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო.
58და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
59ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევი. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
60მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.
61ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.
62მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
Next