თავი - 8
Previous1ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი.
2და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი,
3იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
4ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:
5გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.
6ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.
7ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
8ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
9მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?
10ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.
11აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
12გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;
13კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
14ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.
15პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.
16არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,
17ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.
18მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
19მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
20და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.
21ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
22მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.
23ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.
24მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.
25და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?
26და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
27ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.
28იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.
30ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.
31ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.
32იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.
33გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.
34ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.
35გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.
36ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.
38ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა:
39დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.
40მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.
41და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.
42რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.
43ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,
44უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.
45და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?
46მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.
47რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.
48ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.
49ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.
50მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.
51ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.
52ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
53ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.
54ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;
55მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
Next