Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,
4რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
5ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
7ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
8ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
9ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
10მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.
11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
12და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.
13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
14თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
15ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
16და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
19ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
20არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
21ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
22სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
23ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?
24არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
25ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?
26შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
27ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?
28ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.
29მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.
30ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
31ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?
32ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
33მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
34ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.
Next