თავი - 5
Previous1ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
2განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
3ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
6ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
7ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
9ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
10ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
11ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
12გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
13თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
14თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.
15როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
16დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
17ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.
18რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
20რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
21თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
22მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.
23ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
24დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
25დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.
26ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.
27თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
29თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
30ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
31ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
32ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
33კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
34ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
35ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
36ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.
37არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
38თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
39ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
40და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
41ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
42მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
43თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
Next