Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
2ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით.
3დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი.
4მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარსულ წელიწადებში.
5მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
6რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.
7თქვენი მამა-პაპის დღეებიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცი ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?
8განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.
9წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ხალხი.
10მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.
11შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახდეთ მინდორში ვაზი, ამბობს ცაბაოთ უფალი.
12ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
13მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
14თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?
15ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!
16როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.
17ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.
18კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს.
19რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
20ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით.
21გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
22გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი.
23აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე.
24ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო.
Next