Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო:
2თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.
3აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას.
4მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი.
5ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს.
6ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.
7რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
8თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი.
9მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში.
10განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმა?
11მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო.
12მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს - მღვიძარს და ხმისგამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი.
13აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
14თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
15არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.
16რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი.
17დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი?
Next