Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს.
2მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ.
3ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ.
4ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის ესენი, ჩემო ბატონო?
5მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.
6მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
7რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!
8იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
9ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.
10რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.
11მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?
12მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?
13მითხრა: არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.
14მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.
Next