Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო,
2ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე.
3ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.
4რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი.
5ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები.
6გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის სადგომებად.
7იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს.
8მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.
9ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები - გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე. ჩემი ერის ნატამალი გაძარცვავს მათ და ჩემი ხალხის დანაშთენი დაიმკვიდრებს მათ.
10ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.
11საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.
12თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით.
13გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით.
14ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედარის კედლები.
15ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა, როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი ჩამვლელი მის შორიახლო დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.
Next