Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი, იუდას მეფის, იოშია ამონის ძის დროს:
2ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი.
3ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი.
4ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად,
5მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ;
6მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ.
7იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფროს დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები.
8დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს;
9მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს.
10გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან.
11ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი.
12მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.
13განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები; ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ დალევენ.
14ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც.
15რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე,
16ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ.
17ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.
18ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.
Next