Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს!
2ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.
3ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი.
4ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი.
5ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.
6რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო?
7ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?
8ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
9უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს.
10თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი?
11როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით?
12რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში.
13და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.
14შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ.
15დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ.
16შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ.
Next