Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.
2მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა.
3გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.
4ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას.
5რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე.
6იმ დღეს, ამბობს უფალი, შევკრებ კოჭლებს და თავს მოვუყრი განდევნილთ, რომელნიც მე გავაუბედურე.
7ნატამალად დავტოვებ კოჭლებს და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს; უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე.
8შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს.
9ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით?
10იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან.
11ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოს და ჭვრეტდეს სიონს ჩვენი თვალიო.
12მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე.
13მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს.
14ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.
Next