Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ასე მახილვინა უფალმა. ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა.
2მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.
3მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.
4ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
5რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო,
6ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატავნი, პურის განაცხრიბოი კი გავყიდოთო?
7დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, თუკი ოდესმე დავივიწყოო ერთი მათი ნამოქმედარიც კი.
8ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად ნილოსივით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით.
9იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.
10დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
11აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას.
12იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.
13ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისგან.
14სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ცოცხალია შენი ღმერთი დანი, ცოცხალია ბერშებას გზაო, დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.
Next