თავი - 7
Previous1ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.
2როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.
3გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.
4ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.
5მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.
6გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა ღმერთმა.
7ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში.
8მითხრა უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას.
9გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ.
10შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა, იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში; მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს;
11რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.
12უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
13ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.
14მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი;
15წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო.
16ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო.
17ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.
Next