თავი - 4
Previous1რადგან იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ დავაბრუნებ დატყვევებულ იუდას და იერუსალიმს.
2შევკრებ ყველა ხალხს დააჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3წილი ჰყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ.
4რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას.
5იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო გაქვთ წაღებული და თქვენს ტაძრებში გაქვთ შეზიდული ჩემი რჩეული განძეული.
6იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს.
7აჰა, აღვძრავ მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ, და თქვენს თავზე მოვაქცევ თქვენსავე შურისგებას.
8მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
9გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი.
10სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო!
11იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები!
12გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა.
13გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.
14ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე.
15მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.
16იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს.
17მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი.
18იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.
19გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
20უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი.
Next