Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება.
2დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში.
3მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი უდაბნოა, ვერავინ დააღწევს თავს.
4ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან;
5ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული.
6მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის.
7ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში.
8ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკზე მიდის; შუბებზე ეცემიან, მაინც არ იხევენ უკან.
9ქალაქში ნავარდობენ, გალავანზე დარბიან, სახლებშიჭრებიან, სარკმლებიდან მიძვრებიან ქურდებივით.
10მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი.
11უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე. რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
12ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.
13გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
14ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის.
15ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.
16შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!
17ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?
18გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
19მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
20ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
21ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა.
22ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
23სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
24აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.
25აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
26ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ, და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
27მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. თავი მესამე
Next