თავი - 1
Previous1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოველ ფეთუელის ძის მიმართ:
2ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს?
3უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი სხვა თაობას:
4მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა.
5გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!
6რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.
7გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.
8იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!
9შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.
10გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა ღვინო, გახმა ზეთისხილი.
11გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწისმუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი.
12გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი, ვაშლი და მთელი ხეხილი. ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.
13შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.
14დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.
15ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან.
16განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო და უფლის სახლში - სიხარული და ლხინი!
17ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები რადგან გადახმა პური.
18რად კვნესის პირუტყვი, რად ბღავის ნახირი? რადგან აღარ აქვთ საძოვარი, ცხვრის ფარაც შეშფოთებულია.
19შენ შეგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები.
20ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.
Next