Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან რ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.
2წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.
3ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.
4არავინ იდავოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება.
5წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.
6მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს.
7რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი.
8ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული.
9მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო.
10შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური.
11ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.
12ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს.
13მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები.
14როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება.
15თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს; ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო!
16რადგან ჯიუტი ფურივით ჯიუტია ისრაელი; როგორ აძოვოს ახლა ისინი უფალმა, როგორც ცხვარი, ვრცელ საძოვარზე?
17შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენი.
18გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, შეეჩვიენ სირცხვილს მისი მთავრები.
19გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა.
Next