Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო.
2დარიოსმა გადაწყვიტა თავის სამეფოში ასთორმეტი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ.
3მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის წარედგინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა.
4მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.
5მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
6მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.
7მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!
8სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
9ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების.
10ამიტომ დაწერა მეფე დარიოსმა სიგელი და ბრძანება.
11როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა.
12მაშინ ის კაცები თავს წაადგნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა.
13მერე მივიდნენ და მეფეს მოახსენეს მეფის ბრძანების თაობაზე: განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული? მიუგო მეფემ და უთხრა: ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების.
14მაშინ მიუგეს მათ და უთხრეს მეფეს: მეფეო, დანიელი, იუდავლი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით.
15ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში; მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
16მაგრამ ის კაცები მიეახლნენ და უთხრეს: იცოდე, მეფეო, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონით მეფის ყოველი ბრძანება და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.
17მაშინ მეფის ბრძანებით მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიაძახა მეფემ დანიელს და უთხრა: იმ შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი!
18მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო.
19მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა და თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, ძილიც არ მიკარებია.
20დილით, განთიადისას ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა.
21ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა მეფემ დანიელს და უთხრა: დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი?
22მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
23ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.
24მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
25მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს.
26ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
27ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია;
28იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.
29წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.
Next