თავი - 5
Previous1მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.
2ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ.
3მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, იერუსალიმის ღვთის სახლის საწმიდარიდან რომ იყო წამოდებული. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები.
4სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ.
5სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.
6მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.
7ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხვს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება.
8მაშინ მოვიდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისათვის ახსა ვერ შეძლეს.
9მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდკაცებიც.
10მეფისა და დიდკაცების ხმაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი!
11შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე - ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების მთავრად დააყენა.
12ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშეცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახზნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა.
13მაშინ მიიყვანეს დანიელი მეფის წინაშე: მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: შენა ხარ ის დანიელი, ტყვე იუდაელთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?
14გავიგგ, შენში ღვთის სული ყოფილა და თან ნათელი გონიერება და საკვირველი სიბრძნე გქონია.
15წეღან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვების ახსნა.
16შენზე გავიგე, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შესძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე კაცი გახდები.
17მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ.
18მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს მეფობა, სიდიადე, პატივი და დიდება.
19ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა.
20მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.
21მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.
22შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.
23შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.
24სწორედ ამიტომ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა.
25აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ.
26აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას;
27თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი;
28ფერეს - გაიყოფა შვნი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.
29მაშინ მეფე ბელშაცარის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად გამოაცხადეს.
30იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
Next