თავი - 14
Previous1მეფე ასტიაგე შეერთო თავის მამა-პაპას და კიროს სპარსელმა მიიღო მისი სამეფო.
2დანიელი მეფესთან ცხოვრობდა და პატივდებული იყო თავია ყველა მეგობარს შორის.
3ჰქონდათ ბაბილონელებს კერპი, სახელად ბელი; მასზე ყოველწლიურად ხარჯავდნენ ოც არტაბა ხორბლის ფქვილს, ორმოც ცხვარს და ექვს საწყაო ღვინოს.
4მეფე აღიარებდა მას ღმერთად და ყოველდღე მის თაყვანისსაცემად დადიოდა. დანიელი კი თავის ღმერთს სცემდა თაყვანს.
5უთხრა მას მეფემ: ბელს რატომ არ სცემ თაყვანს? მიუგო: რადგან ხელით ნაკეთებ კერპებს არა ვცემ თაყვანს, არამედ ცოცხალ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, ყოველი ხორციელის მეუფეს.
6უთხრა მეფემ: ხომ არ გგონია, ბელი ცოცხალი ღმერთი არ იყოს? ვერა ხედავ, ყოველდღიურად რამდენსა სჭამს და სვამს იგი?
7უთხრა დანიელმა სიცილით: მეფეო, თავს ნუ იტყუებ, რადგან შიგნიდან თიხაა იგი, გარედან რვალი და არც არასოდეს უჭამია და არც უსვამს.
8მაშინ განრისხებულმა მეფემ მოუხმო ქურუმებს და უთხრა: თუ არ გითქვამთ, ვინა ჭამს ყოველივე ამას, მოკვდებით, მაგრამ თუ დაამტკიცებთ, რომ ამას ბელი ჭამს, მაშინ დანიელი მოკვდება, რადგან სააუგო სიტყვა სთქვა ბელზე.
9უთხრა დანიელმა მეფეს: შენი სიტყვისამებრ იყოს. ბელის ქურუმები სამოცდაათნი იყვნენ, მათი ცოლებისა და ბავშვების გარდა.
10მივიდა მეფე დანიელთან ერთად ბელის ტაძარში.
11უთხრეს ბელის ქურუმებმა: აჰა, ჩვენ გარეთ გავალთ, შენ კი, მეფეო, დააწყვე საზრდო, ჩამოასხი ღვინო, ჩარაზე კარი და შენი ბეჭდით დაბეჭდე; და თუ ხვალ მოხვალ და ვერ ნახავ, რომ ყველაფერი ბელმა შეჭამა, ჩვენ მოვკვდეთ; თუ არა და - დანიელი, რომელმაც ცილი დაგვწამა.
12ისინი დამშვიდებულები იყვნენ, რადგან ტაბლის ქვეშ გააკეთეს საიდუმლო შესასვლელი; იქიდან შედიოდნენ და ჭამდნენ ყველაფერს.
13გარეთ რომ გავიდნენ, მეფემ ბელს საზრდო დაუწყო.
14დანიელმა კი უბრძანა თავის მსახურთ, რომ მოეახათ ნაცარი და მოებნიათ მთელ ტაძარში მხოლოდ მეფის თანდასწრებით. გარეთ გამოსულებმა ჩარაზეს კარი, მეფის ბეჭედით დაბეჭდეს და წავიდნენ.
15ქურუმები კი, ჩვეულებისამებრ, ღამით მოვიდნენ თავიანთი ცოლებითა და ბალღებით, ყველაფერი შეჭამეს და შესვეს.
16ადრიანად ადგა მეფე და დანიელიც მასთან ერთად.
17უთხრა მეფემ: დანიელ, მთელია ბეჭედი? უთხრა: მთელია, მეფეო.
18როგორც კი კარი გააღეს, მეფემ შეხედა ტაბლას და დიდი ხმით იყვირა: დიადი ხარ შენ, ბელ, და არანაირი სიცრუე არ არის შენთან!
19გაიცინა დანიელმა და შეაკავა მეფე, რომ არ შესულიყო შიგნით, და უთხრა: დახედე იატაკს და გამოიცანი, ვისია ეს ნაფეხურები?
20უთხრა მეფემ: კაცების, ქალებისა და ბალღების ნაფეხურებს ვხედავ.
21განრისხებულმა მეფემ ბრძანა, შეეპყრათ ქურუმები და მათი ცოლ-შვილი, მათ უჩვენეს საიდუმლო კარი, რომლითაც შედიოდნენ ისინი და ყველაფერს ჭამდნენ, რაც მაგიდაზე ეწყო.
22მაშინ დახოცა მეფემ ისინი და ბელი დანიელს მისცა; მან კი დაანგრია ისიც და მისი ტაძარიც.
23იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ.
24უთხრა მეფემ დანიელს: ამაზეც ხომ არ შეგიძლია თქვა, ცოცხალი ღმერთი არ არისო! თაყვანი ეცი მას.
25უთხრა დანიელმა: უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს, რადგან ის არის ცოცხალი ღმერთი, ხოლო შენ, მეფეო, თუ ნებას მომცემ, უმახვილოდ და ულახტოდ მოვკლავ ამ ურჩხულს.
26უთხრა მეფემ: ნება მომიცია.
27აიღო დანიელმა ფისი, ქონი და ბეწვი, ერთად მოადუღა, დააგუნდავა და ხახაში ჩაუგდო ურჩხულს. შეჭამა ურჩხულმა და გასკდა. თქვა დანიელმა: ესეც თქვენი სათაყვანებელი!
28ეს რომ ბაბილონელებმა გაიგეს, ფერი ეცვალათ, აღდგნენ მეფის წინააღმდეგ, თქვეს: მეფე იუდაელი გახდა; ბელი მოსპო, ურჩხული მოკლა, ქურუმები კი დახოცა.
29მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: მოგვეცი დანიელი, თუ არა და შენც მოგკლავთ და შენს სახლსაც ამოეწყვეტთ.
30როცა დაინახა მეფემ, რომ დაბეჯითებით ითხოვენ, იძულებული გახდა მიეცა მათთვის დანიელი.
31და ჩააგდეს დანიელი ლომების ხაროში და ექვს დღეს იქ იყო იგი.
32ხაროში შვიდი ლომი იყო და ყოველდღიურად ორი გვამი და ორი ცხვარი ეძლეოდათ. იმ დროს კი არაფერი მიუციათ, რათა დანიელი შეეჭამათ.
33იყო იუდაში წინასწარმეტყველი ამბაკუმი; მან მოხარშა შეჭამადი, ჩაფშხვნა კერძში პური და მიდიოდა მინდვრად, რომ მომკელებისთვის მიეტანა.
34უთხრა უფლის ანგელოზმა ამბაკუმს: ეგ საუზმე, შენ რომ გაქვს, წაუღე დანიელს ბაბილონში, ლომების ხაროში.
35უთხრა ამბაკუმმა: უფალო, არც ბაბილონი მინახავს და არც ხარო ვიცი.
3636. აიყვანა იგი უფლის ანგელოზმა თმებით და დააყენა ხაროს თავზე, ბაბილონში.
37ჩასძახა ამბაკუმმა დანიელს და უთხრა: დანიელ, დანიელ! აიღე ეს საუზმე, ღმერთის გამოგზავნილია.
38თქვა დანიელმა: შენ გამიხსენე, ღმერთო, და არ მიატოვე შენი მოყვარულნი.
39ადგა დანიელი და ჭამა; ღვთის ანგელოზმა კი სასწრაფოდ დააბრუნა თავის ადგილზე ამბაკუმი.
40მეფე მეშვიდე დღეს მოვიდა დანიელის გამოსატირებლად. მივიდა იგი ხაროსთან, ჩაიხედა შიგ და, აჰა, იქა ზის დანიელი.
41მაღალ ხმაზე იყვირა მეფემ კია თქვა: დიდი ხარ, უფალო, ღმერთო დანიელისა, არ არსებობს სხვა შენს მეტი!
42ამოაყვანინა იგი და ხაროში ისინი ჩაყარა, ვისაც მისი დაღუპვა უნდოდათ, და მის თვალწინ იქნენ შეჭმულნი.
Next