Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი.
2მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში.
3მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს.
4იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო.
5ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული, რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს.
6ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი.
7შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ შედიოდა თავისი ქმრის ბაღში.
8ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ.
9შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი.
10ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს.
11რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ ქალთან შეერთება სწყუროდათ.
12ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რომ დაენახათ იგი.
13ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო. გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ.
14უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას.
15როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო.
16იქ არავინ იყო ორი უხუცესის მეტი, რომელნიც დამალულიყვნენ და მას სდარაჯობდნენ.
17უთხრა მან თავის მხევლებს: მომიტანეთ ნელსაცხებელი და საპონი და ბაღის კარი ჩარაზეთ, რომ ვიბანავო.
18ისინიც ისე მოიქცნენ, როგორც მან უთხრა; ჩარაზეს ბაღის კარი და გვერდის კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ; უხუცესებს ვერ ხედავდნენ, რადგან დამალულები იყვნენ.
19როდესაც მხევლები გავიდნენ, ადგა ორივე უხუცესი და მასთან მიირბინა.
20უთხრეს: აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან.
21თუ არა და შენს წინააღმდეგ მოწმედ დავდგებით, რომ შენთან ყმაწვილკაცი იყო და ამიტომ დაითხოვე მხევლები.
22ამოიოხრა სუსანამ და სთქვა: შეჭირვებული ვარ ყოველმხრივ: რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; თუ არ გავაკეთებ, ვერ დავუსხლტები თქვენს ხელს.
23მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო.
24დიდის ხმით იყვირა სუსანამ; ორივე უხუცესმაც იყვირა მის წინააღმდეგ.
25ერთი გაიქცა და ბაღის კარი გააღო.
26როცა შინ მყოფებმა ბაღიდან ყვირილი გაიგონეს, შეცვივდნენ გვერდის კარით, რომ გაეგოთ, თუ რა დაემართა მას.
27და როცა უხუცესებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, მეტისმეტად შერცხვათ მის მსახურებს, რადგან სუსანაზე არასოდეს მსგავსი არაფერი თქმულა.
28მეორე დღეს ხალხმა მის ქმართან, იოაკიმთან მოიყარა თავი; მივიდა ორი უხუცესიც, სუსანას წინააღმდეგ უკანონო ზრახვით აღვსილი, რათა სიკვდილი მიესაჯათ მისთვის.
29თქვეს მათ ხალხის წინაშე: გაგზავნეთ კაცი სუსანას, ხილკიას ასულის მოსაყვანად, იოაკიმის ცოლი რომ არის. გაგზავნეს.
30მოვიდა იგი და მოჰყვნენ მას მისი მშობლები, მისი შვილები, და, აჰა, მთელი მისი ნათესაობა.
31სუსანა მეტად ნაზი და ლამაზი იყო სახით.
32ამ ურჯულოებმა ბრძანეს, რომ სახე გაეშიშვლებინათ მისთვის, რადგან დაფარული ჰქონდა სახე - სურდათ, მისი მშვენებით დამტკბარიყვნენ.
33ატირდნენ ახლობლები და ყველა, ვინც მას უყურებდა.
34ადგა ორივე უხუცესი ხალხში და თავზე დაადეს მას ხელები.
35ის კი თვალცრემლიანი ზეცას შეჰყურებდა, რადგან მისი გული უფალს ესავდა.
36თქვეს უხუცესებმა: როდესაც მარტონი ბაღში დავსეირნობდით, შემოვიდა ეს თავის ორ მხევალთან ერთად, ჩარაზა ბაღის კარი და მხევლები დაითხოვა.
37მივიდა მასთან ყმაწვილკაცი, რომელიც იქ იმალებოდა და მიუწვა გვერდით.
38ჩვენ ბაღის კუნჭულში ვიყავით და ეს ურჯულოება რომ დავინახეთ, მათკენ გავიქეცით.
39შეერთებულებს წავასწარით მათ, მაგრამ იმ კაცის დაჭერა ვერ შევძელით, რადგან ის ჩვენზე ძლიერი იყო; გააღო კარი და გარეთ გავარდა.
40ეს კი შევიპყარით და ვკითხეთ, თუ ვინ იყო ის ყმაწვილკაცი.
41მაგრამ არ ინდომა ჩვენთვის გამხელა. ამას ვადასტურებთ ჩვენ. კრებულმა დაუჯერა მათ, როგორც ხალხის უხუცესებსა და მსაჯულებს; და ქალს სიკვდილი მიუსაჯეს.
42შეჰღაღადა სუსანამ მაღალ ხმაზე და თქვა: ღმერთო მარადიულო, საიდუმლოთა მცოდნევ, რომელმაც ყველაფერი მანამდე იცი, ვიდრე მოხდებოდეს.
43შენ უწყი, რომ ცრუდ მოწმობდნენ ჩემს წინააღმდეგ. აჰა, ისე ვკვდები, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია, რაც ამათ ბოროტებით გამომიგონეს.
44შეისმინა უფალმა მისი ხმა.
45როდესაც მოსაკლავად წაიყვანეს, ღმერთმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა.
46და იყვირა მან დიდი ხმით: უბრალო ვარ მისი სისხლისგან!
47მობრუნდა მისკენ მთელი ხალხი და უთხრა: ეს რა სიტყვაა, რომ თქვი?
48მაშინ ჩადგა იგი მათ შორის და თქვა: უგუნურები ხართ, ისრაელიანებო? არ გამოგიძიებიათ, არ გაგირკვევიათ სიმართლე და ისრაელის ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი?
49დაბრუნდით სამსჯავროში, რადგან ამათ ცრუდ დაამოწმეს მის წინააღმდეგ.
50მთელი ხალხი საჩქაროდ დაბრუნდა: უთხრეს მას უხუცესებმა: დაჯექი ჩვენს შორის და მოგვახსენე ჩვენ, რადგან ღმერთმა შენ მოგცა უხუცესობა.
51უთხრა მათ დანიელმა: დააცილეთ ეგ ორნი ერთმანეთს და დავკითხავ მაგათ.
52როცა ერთიმეორეს დააცილეს ისინი, მოუხმო ერთ მათგანს და უთხრა: ბოროტ დღეებში დაბერებულო! ახლა გამომჟღავნდა შენი ცოდვები, რომელსაც უწინ სჩადიოდი -
53ამ უსამართლო სამართლის გაჩენით, უბრალოთა დასჯით და მტყუანთა გამართლებით! როცა უფალი ამბობს, უბრალოსა და მართალს ნუ მოკლავო.
54და თუ შენ ეს დაინახე, თქვი, რომელი ხის ძირას ნახე ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკე? მან უპასუხა: დანამასტაკის ქვეშ.
55თქვა დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ. აჰა, ღვთის ანგელოზმა მიიღო ღვთის ბრძანება და ორად გაგაპობს შენ.
56გაუშვა იგი და მეორის მოყვანა ბრძანა. უთხრა მას: ქანაანის თესლო, არა იუდასო! სილამაზემ გაცდუნა და სურვილმა გარყვნა შენი გული.
57ასე ექცეოდით ისრაელის ასულთ და ისინიც შეშინებულნი, კავშირს იჭერდნენ თქვენთან. მაგრამ იუდას ასულმა არ დაითმინა თქვენი ურჯულოება.
58აბა, მითხარი ახლა: რომელი ხის ქვეშ წაასწარი მათ, ერთმანეთთან მოლაპარაკეს? მიუგო მან: მუხის ქვეშ.
59უთხრა მას დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ; რადგან ღვთის ანგელოზი მახვილით იცდის, რომ ორად გაგაპოს და მოგსპოთ თქვენ.
60მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი, რომელიც იხსნის თავის მოსავთ.
61ყველანი აღდგენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ რადგან დანიელმა მათივე პირით ამხილა ისინი ცრუმოწმობაში. ისევე მოექცნენ მათ, როგორც დაიმსახურეს, როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ.
62მოექცნენ მოსეს რჯულის მიხედვით და დახოცეს ისინი. იმ დღეს გადარჩა უბრალო სისხლი.
63ხილკიამ და მისმა ცოლმა განადიდეს ღმერთი თავიანთი ასულის, სუსანას გამო, იოაკიმთან, მის ქმართან და ყველა ახლობელთან ერთად, რადგან არ აღმოჩნდა მასში სამარცხვინო საქმე.
64განდიდდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან და მას შემდეგ.
Next