თავი - 1
Previous1იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას.
2ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.
3უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან.
4უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.
5განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ.
6მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
7სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
8დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო.
9აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე.
10უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე.
11უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
12მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად - წყალი.
13მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ.
14დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა.
15ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ.
16ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, მხოლოდ მწვანილს აძლევდა.
17მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო.
18როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა.
19ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს.
20გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ.
21და იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე.
Next