Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს!
3ახლა აღსასრულია შენზე და მოგივლენ ჩემს რისხვას, განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ.
4არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
5ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, ერთადერთი უბედურება, აჰა, მოდის!
6აღსასრული დგება, დგება აღსასრული, თავზე გატყდება, აჰა, მოვიდა!
7მოვიდა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მკვიდრო! დადგა ჟამი, ახლოა დღე შეშფოთებისა, არა მთებზე ჟრიამულისა.
8ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ!
9არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი!
10აჰა, დღე! აჰა; დადგა! მოაწია ჯერმა! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნობა გაიფურჩქნა!
11ძალადობა აღიმართა ბოროტეულის კვერთხად; აღარ იქნებიან ისინი; არც მათი სიმრავლე, არც მათი დოვლათი, არც მათზე წუხილი.
12დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია.
13რადგან გამყიდველი ვეღარ მიუბრუნდება გაყიდულს, ცოცხლებიც რომ დარჩნენ; რადგან ხილვა მთელს მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება და ვერაკაცი თავისი უკეთურების გამო სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.
14დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია ჩემგან.
15გარეთ მახვილია, შინ - ჭირი და შიმშილი! ველზე მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და ჭირი შეჭამს.
16თავს უშველიან მათი დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება.
17ყველა ხელი დაუძლურდება და ყველა მუხლი გაწყალდება.
18ჯვალოს შემოისარტყლავენ და შიში მოიცავს მათ; ყოველი სახე შერცხვენილი იქნება და ყოველი თავი გაქაჩლდება.
19თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღებენ და შიგანს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი უკეთურების საბრხე იყო.
20მედიდურობდნენ თავიანთ სამკაულთა მშვენებით და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა ხატები შექმნეს; ამიტომ სიბინძურედ გავხდი მას მათთვის.
21უცხოთა ხელში მივცემ მას დასატაცებლად და ნადავლად - ქვეყნის ბოროტეულთ, რომ უპატიოჰყონ.
22პირს ავარიდებ მათ და უპატიოჰყოფენ ჩემს საიდუმლოს, შიგ შევლენ მძარცველები და უპატიოჰყოფენ.
23გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
24მოვასხამ უბოროტეს ხალხს და დაეპატრონებიან მათ სახლებს; გავაცამტვერებ მძლავრთა სიამაყეს და გაუპატიურდება მათი სიწმიდენი.
25მოვა დაქცევა და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
26ჭირი ჭირს დაერთვის, ავი ხმები ავ ხმებს მოყვება, წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებენ ძებნას, რჯული დაეკარგება ღვთის მსახურს და რჩევა უხუცესებს.
27მეფე გლოვას მოჰყვება, დიდებული ძრწოლით შეიმოსება და ქვეყნის ერს ხელი აუცახცახდება; მათ საქმეთაგბრ მოვექცევი მათ და მათი სამართლისაებრ განვსჯი მათ; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
Next