თავი - 18
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?
3ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!
4აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.
5თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,
6არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება;
7არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;
8სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,
9ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი.
10რომ ეყოლოს მოძალადე შვილი, სისხლისმღვრელი, ან მსგავსი რამის ჩამდენი,
11არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს თავისი მოყვასის ცოლს,
12ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს,
13სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი.
14აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა.
15არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს,
16არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,
17ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
18მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,
19თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
20ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
21თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება;
22არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს.
23განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს.
24თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.
25თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!
26თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის.
27თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს.
28თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება.
29ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!
30ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება.
31მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?
32რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ.
Next