Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები
3და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.
4შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ.
5არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი.
6ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი!
7მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.
8ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
9წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.
10მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.
11სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.
12ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.
13ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.
14გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.
15დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი.
16აიღე შენს სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება.
17აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან.
18აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე.
19ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი.
20წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!
21შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.
22ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი.
23ყველა ამ ბოროტების შემდეგ იყო - ვაი, ვაი შენდა! ამბობს უფალი, ღმერთი,
24რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე.
25ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა.
26შენ ბოზობდი ეგვიპტელებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და უზომო ბოზობით მაჯავრებდი.
27აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.
28აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი.
29ამრავლე შენი ბოზობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეამდე და ამითაც კი ვერ გაძეხი.
30როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს!
31როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,
32არამედ გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა.
33ყველა ბოზ ქალს საჩუქრებს აძლევენ, შენ კი თავად ასაჩუქრებ შენს საყვარლებს და იქრთამავ მათ შენთან-მოსასვლელად ყოველი მხრიდან საბოზაოდ.
34შენ გამოირჩეოდი სხვა ქალებში შენი ბოზობით: შენ კი არ გდევდნენ საბოზაოდ, თავად შენ აძლევდი საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევდნენ. ასეთი გამორჩეული იყავი.
35ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა,
36ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ გადმოღვრილია შენი ქვაბი და გამოჩნდა შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და ყველა შენს საძაგელ კერპთან ბოზობაში, და შენი შვილების სისხლის გამო, რომელთაც მათ აძლევდი,
37აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიშიშვლეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სიშიშვლეს.
38დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას.
39მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს და დააქცევენ შენს სათაყვანო გორაკებს, შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ.
40მოგისევენ ბრბოს, რომ ქვებით ჩაგქოლონ და თავიანთი მახვილებით აგკუწონ.
41ცეცხლში დაგიწვავენ სახლებს და გაგასამართლებენ ბევრი დიაცის თვალწინ; შეგაწყვეტინებ ბოზობას და აღარ მოჰყვები საჩუქრების დარიგებას.
42როგორ დავიცხრო შენზე რისხვა და როგორ ჩამიქრეს შური შენდამი? როგორ დავმშვიდდე, რომ აღარაფერი მაწუხებდეს?
43რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად.
44აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.
45დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი.
46შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.
47მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.
48ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!
49აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.
50გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.
51სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.
52შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.
53მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის,
54რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი.
55შენი დები - სოდომი და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; შენც და შენი ასულებიც წინანდელს დაუბრუნდებით.
56განა შენს ყბაში არ იყო ჩავარდნილი შენი და - სოდომი შენი ამპარტავნობის დროს,
57ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან.
58შენვე იტვირთე შენი სიგლახე და შენი სისაძაგლეები, ამბობს უფალი.
59რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა შეიძულე ფიცი და გატეხე აღთქმა.
60მაინც გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში რომ დაგიდევი, აღგიდგენ საუკუნო აღთქმას.
61გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.
62აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
63რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.
Next