თავი - 1
Previous1ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
2თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა -
3გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
4და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.
5მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;
6თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა;
7ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,
8ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.
9მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.
10მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
11მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.
12თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
13ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.
14ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.
15ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს.
16იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული.
17მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
18ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.
19ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ.
20საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს.
21მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს.
22ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.
23ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს.
24როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
25გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
26ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
27ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.
28როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.
Next