Eleos

Contents

თავი - 30

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:
2ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ჩაიწერე წიგნში ყოველი სიტყვა, რაც გითხარი.
3რადგან, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა დავაბრუნებ ჩემი ერისგან - ისრაელისგან და იუდასგან წარტაცებულს, ამბობს უფალი; დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, და დაიმკვიდრებენ მას.
4ეს სიტყვებია, რომელნიც ილაპარაკა უფალმა ისრაელზე და იუდაზე.
5სწორედ ასე თქვა უფალმა: შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის.
6იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე?
7ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა.
8იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავლეწავ მის უღელს შენს ქედზე და დავწყვეტ შენს საკვრელებს. ვეღარ დაიმორჩილებს მას უცხო ხალხი.
9დაემორჩილებიან უფალს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.
10შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი; ნუ ფრთხი, ისრაელ, რადგან აჰა, დავიხსნი შენ თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ, და აღარ იქნება დამაფრთხობელი.
11რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
12რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული.
13არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.
14ყველა მეგობარმა დაგივიწყა და არ კითხულთბენ შენს ამბავს, რადგან მტერივით მყავხარ ნაგვემი და სასტიკად დასჯილი დიდი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები.
15რატომ გაკვნესებს შენი ჭრილობა, უკურნებელი სატკივარი? შენი დიდი დანაშაულის გამო, ცოდვები რომ გაგიმრავლდა, გიყავი ეს ყველაფერი.
16და მაინც შეიჭმებიან შენი შემჭმელები, შენი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი. აოხრდებიან შენი ამაოხრებლები, გავაძარცვინებ შენს მძარცველებს.
17ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ.
18ასე ამბობს უფალი: აჰა, დავაბრუნებ იაკობის კარვებისგან წარტაცებულს და შევიწყალებ მის დაბებს; აშენდება ქალაქი თავის მიწაყრილზე და სასახლე თავის ადგილზე დაფუძნდება.
19გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან.
20იქნებიან მისი შვილები ძველებურად და მისი კრებული მტიცედ იდგება ჩემს წინაშე; და დავსჯი მის დამთრგუნველებს.
21მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი.
22იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები.
23აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა აღიძრა, ქაბორბალა დაატყდება თავს ბოროტეულთ.
24არ განელდება უფლის ცეცხლოვანი რისხვა, ვიდრე არ აღასრულებს, არ აახდენს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.
25იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.
Next