Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერუსალიმიდან გაუგზავნა იერემია წინასწარმეტყველმა გადასახლებაში მყოფი უხუცესიაბის დანარჩომს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში.
2(ეს მას მერე მოხდა, რაც მეფე იექონია, დედოფალი, კარისკაცები, იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები წავიდნენ იერუსალიმიდან);
3გაუგზავნა ელყასა შაფანის ძის და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც მიავლინა იუდას მეფემ ციდკიამ ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ბაბილონში.
4ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში გადავასახლე:
5აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფები;
6ითხოვეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები; უთხოვეთ ცოლები ვაჟიშვილებს და გაათხოვეთ ასულები; გააჩინონ შვილები ვაჟებმაც და ასულებმაც. გამრავლდით მანდ და არ შემცირდეთ!
7იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით.
8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენს შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ;
9რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.
10რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი.
11რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.
12მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.
13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
14მოვიძებნები თქვენთვის, ამბობს უფალი. დაგიბრუნებთ წარტაცებულს, შემოგკრებთ ყველა ხალხისგან და ყველა ადგილიდან, სადაც კი გაგდებული მყავხართ, ამბობს უფალი; დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.
15რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში,
16ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელს ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში;
17ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა;
18მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან.
19იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.
20თქვენ მაინც გაიგონეთ უფლის სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში მყავხართ გაგზავნილი.
21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისრაელის ღმერთი, ახაბ კოლაიას ძეზე, და ციდკია მაყასიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიქადაგებენ ჩემი სახელით. აჰა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში ჩავაგდებ მათ და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.
22წყევლის იგავად შეიქნებიან ისინი ბაბილონში გადასახლებული იუდაელებისთვის, რომლებიც იტყვიან: გაგხადოს უფალმა ციდკიასავით და ახაბივით, რომლებიც ცეცხლში შეწვა ბაბილონის მეფემ
23იმის გულისთვის, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს ისრაელში, რყვნიდნენ მეზობლის ცოლებს და სიცრუეს ქადაგებდნენ ჩემი სახელით, რაც არ დამივალებია მათთვის. მე ვიცი და მოწმე ვარ, ამბობს უფალი.
24შემახია ნეხელამელს უთხარი:
25ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შენი სახელით წერილები დაუგზავნე იერუსალიმში მყოფ ხალხს, და მღვდელ სოფონიას, მაყასიას ძეს, და ყველა მღვდელს, რომ
26უფალმა დაგადგინა მღვდლად იეჰოიადაყ მღვდლის ნაცვლად, რათა ყური გეგდო უფლის სახლში ყოველ ბნედიანისთვის, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ხუნდებში ჩაგესვა და დილეგში ჩაგეგდო,
27ახლა რატომ არ ამხილებდი იერემია ყანათოთელს, წინასწარმეტყველად რიამ გაგიხდათ.
28რადგან ჩვენც გვითვლიდა ბაბილონში, ხანგრძლივიაო ეს ამბავი! აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფიო.
29ხმამაღლა წაუკითხა სოფონია მღვდელმა ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველს.
30მაშინ იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
31შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ,
32ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; კაციშვილი არ დარჩება მისგან ამ ერში, ვერ იხილავს სიკეთეს, რასაც ჩემს ერს გაუკეთებ, ამბობს უფალი, რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა.
Next