Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
2თუ ვინმეს ტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ.
3გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს.
4თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არა აქვს გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული.
5გასინჯავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული თვალში საცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა.
6მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად სცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია; ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება.
7თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს გასაწმიდავებლად ეჩვენა, სირსველმა კანზე გავრცელება იწყო, მეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს.
8გასინჯავს მას მღვდელი და თუ სირსველი გავრცელებულია კანზე, მღვდელმა უწმიდურად უნდა სცნოს იგი. ეს კეთრია.
9თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
10გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია,
11მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი.
12თუ კეთრი გაეფურჩქნება კანზე და კეთრი დაუფარვს მთელ დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე, სადამდისაც მღვდლის თვალი გასწვდება.
13დაინახავს მღვდელი რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული, და წყლულს გაწმედილად სცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი.
14როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი.
15დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად სცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია.
16თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს.
17გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად სცნობს. განწმედილი იქნება იგი.
18თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,
19გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს.
20გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული.
21თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი შვიდ დღეს.
22თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია.
23თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი.
24თუ სხეულზე, მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო-მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება,
25გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია დამწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია.
26თუ მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალიამ მღვდელმა იგი შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს.
27მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია.
28თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება,
30გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელბული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია. ეს თავის ან ლოყის კეთრია.
31თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.
32მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს,
33იგი უნდა გაიპარსოს, ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოპარსონ, მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.
34მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯაავს მუნს; თუ მუნი არ გავრცელებულა, და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება.
35თუ მუნი გავრცელდება კანზე მისი გაწმიდავების შემდეგ,
36მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, მუნი გავრცელებულია კანზე, მღვდელი ნუ დაუწყებს ძებნას გაყვითლებულ თმას: უწმიდურია იგი.
37თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა, იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს.
38როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება,
39მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი.
40როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი.
41თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა.
42თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული.
43გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო-მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე,
44ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული.
45დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:
46რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ.
47თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული, მატყლის ტანისამოსზე, ან სელის ტანისამოსზე,
48ან მატყლის ან სელის ქსელზე, ან ტყავზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
49მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს.
50გასინჯავს მღვდელი წყლულს და შვიდი დღით ჩაკეტავს მას.
51მეშვიდე დღეს გასინჯავს წყლულს; თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია.
52უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი. ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო; რადგან გამიზეზებული კეთრია იგი; ცეცხლში უნდა დაიწვას.
53თუ მღვდელი გასინჯავს და, აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავის საგანზე,
54მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო, და კიდევ შვიდი დღით ჩაკეტოს იგი.
55გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლშა დაწვი; ამოჭმულია მისი წაღმა პირი ან უკუღმა პირი.
56თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოსს ან ტყავს ან ქსელს ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი.
57თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე, გაფურჩქნული წყლულია; ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული.
58ტანისამოსი ან ქსოვილი ან ტყავის რაიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ და წყლული მოეცლება, ხელახლა უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება.
59ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად.
Next