თავი - 8
Previous1მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.
2ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.
3დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად).
4რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
5კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:
6რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს,
7ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.
8შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!
9დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
10ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
11რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
12ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.
13მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
14ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
15ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
16შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში.
17მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
18აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
19თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
20მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
21ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
22მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
23მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.
Next