თავი - 7
Previous1იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს.
2ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.
3უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,
4და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე.
5რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს:
6გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე.
7ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!
8რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი.
9ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ.
10კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:
11მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.
12უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.
13უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?
14ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.
15ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის.
16მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი.
17ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს.
18იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან.
19მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს.
20იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.
21იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს.
22რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი.
23იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა.
24მშვილდ-ისრებით შემოვლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა ჯაგნარად და ეკალ-ნარად იქნება გადაქცეული.
25ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი გახდება იგი.
Next