Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.
2დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო.
3ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.
4კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?
5ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.
6გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
7რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!
8ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.
9ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან.
10ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!
11ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!
12ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
13ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს.
14ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა;
15მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება.
16მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.
17გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ.
18ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას.
19რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ.
20ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!
21ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!
22ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!
23ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს!
24როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს.
25ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
26შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.
27არავინ იქნება დამაშვრალი მათ შორის, არც შებარბაცებული; არ ჩათვლემს, არ დაიძინებს, სარტყელი არ შეეხსნება წელზე და ფეხსამოსის თასმები არ დაუწყდება.
28წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.
29მისი ღრიალი ლომის ღრიალია, ლომის ბოკვერებივით ბდღვინავს; დაიღრიალებს და მსხვერპლს დაეცემა, გაიტაცებს და ვერავინ იხსნის.
30დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან.
Next