თავი - 3
Previous1რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;
2ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,
3ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს.
4სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.
5დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს.
6რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.
7დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.
8რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.
9მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!
10უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
11ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
12ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!
13წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად.
14უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.
15რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
16თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.
17თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.
18იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,
19საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,
20მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,
21ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს,
22ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს,
23სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.
24სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.
25შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან.
26მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.
Next