Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები.
2ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
3დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ.
4ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
5წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება,
6მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი.
7გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება.
8დაღონდებიან მეთევზეები, აკვნესდებიან მდინარეში ანკესის მსროლელნი და წყლებზე ბადეთა გამშლელნი დაიწყებენ გოდებას.
9შერცხვებიან ვარცხნილი სელის მკეთებელნი და მაქმანების მქსოველნი.
10დაილეწება მისი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან.
11შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე, აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო?
12სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს?
13გაბრიყვდნენ ცოყანის მთავრები, მოტყუვდნენ ნოფის მთავრები. შეაცდინეს ეგვიპტე მისი ტომების თავკაცებმა.
14რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას ტორტმანებს მთვრალი.
15არაფერი ექნება ეგვიპტეს გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც თავსა და კუდს, შტოსა და ღეროს შეეძლება.
16იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს.
17შიშისზარად ექცევა ეგვიპტეს იუდას მიწა; ყველას, მის გამხსენებელს, შეაძრწუნებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა.
18იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.
19იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან.
20იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ.
21გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და აღასრულებენ კიდეც.
22დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს, დაჰკრავს და განკურნავს კიდეც; მიიქცევიან უფლისაკენ, შეიწყნარებს მათ და განკურნავს.
23იმ დღეს გზა გავა ეგვიპტიდან აშურამდე და ივლის აშური ეგვიპტეში და ეგვიპტე აშურში; დაემონება ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად.
24იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში,
25რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი.
Next