თავი - 5
Previous1ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!
2მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა.
3გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული.
5ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს.
6გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა.
7შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.
8გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.
9რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ?
10თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.
11თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.
12თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.
13ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი.
14ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი.
15წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც კედარი.
16მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!
Next