თავი - 3
Previous1ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
2ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
3ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
4ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
5ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.
6ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
7ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა.
8ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
9რას არგებს მაშვრალს შრომა მისი?
10კიდევაც ვნახე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათ სატანჯველად.
11მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
12ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს.
13თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები.
14ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
15რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს.
16კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა.
17მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.
18და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.
19რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.
20ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.
21რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?
22ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა?
Next