თავი - 2
Previous1შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
2ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,
3რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.
4რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
5მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
7მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
8იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
9მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
10თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
11გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
12რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
13სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
14ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
15რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
16რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
17რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,
18რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
19იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
20რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
21რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.
22ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.
Next