Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
2სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
3ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.
4ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.
5გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
6რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
7უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
9რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.
11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
12შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,
13მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,
14წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -
15შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
16რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
17ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
18თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.
19ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
20სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
21ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას:
22როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
23მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
24ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო.
25უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
26და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
27როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
28მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,
29რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს,
30არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
31იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
32რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
33ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.
Next