Eleos

Contents

ფსალმუნი - 95

Previous
1უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
2უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.
3მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
4რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
5რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.
6მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
7შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
8შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
9თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
10უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.
11გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
12გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი.
13უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.
Next