ფსალმუნი - 93
Previous1ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
2ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.
3ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?
4ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.
5შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.
6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.
7ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.
8გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?
9დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?
10ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?
11უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.
12ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.
13რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.
14რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.
15რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.
16ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?
17უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.
18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
19როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.
20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?
21გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.
22იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.
23მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.
Next