ფსალმუნი - 9
Previous1გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითის ფსალმუნი.
2გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
3ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
4ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
5რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
6განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
7მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
8ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
9და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
10უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
11შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
12უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
13რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
14შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
15რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
16ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
17ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
18დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
19სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
20აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
21უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
22რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
23ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
24რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
25ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
26გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
27თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
28მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
29ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
30დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
31მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
32თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
33აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
34რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
35უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
36გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
37უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
38უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
39გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
Next